„გირჩის" მაჟორიტარი კანდიდატი ჰერმან საბო (პასპორტის მიხედვით, გერმანე - როგორც თავად ამბობს, საბჭოთა სამშობიაროს რეგისტრატურამ „ჰერმან” არასაკმარისად საბჭოურად მიიჩნია. „არ ვაღიარებ მაგ სახელს", - ამბობს საბო).
„დავიბადე 1988 წელს. დავამთავრე მეშვიდე ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია, „ჰუმანიტარული განხრით". აგრეთვე, ვარ განათლებით პოლიტიკის ბაკალავრი, ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის. მოხდილი მაქვს სამხედრო ვალი ქვეყნის წინაშე - 1 წელი „შაგაობა” გვასწავლეს.
მიმუშავია უამრავ ეკლექტურ პოზიციაზე - ოფიციანტად, მხატვრად, მემონტაჟედ, მცირე ბიზნესის მენეჯერად, სოცმედია მენეჯერად, კოპირაიტერად. მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი პირველ ჰოსტელს თბილისში Tbilisi Hostel.
2015 წლის მაისში ერთმა Facebook-მეგობარმა კონსპირაციულად მომწერა, საინტერესო ხალხს შენთან გასაუბრება უნდაო, - კარგი-მეთქი - ასე გავიცანი ის ხალხი, ვინც შემდეგ „გირჩის” სახელით გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სჭირდებოდათ, მე კი არსებულზე უკეთესმა ხელფასმა დამაინტერესა და მათ შემოთავაზებას დავთანხმდი.
არ მქონდა გააზრებული, რა უნდოდა „გირჩს" - უნივერსიტეტს საამისოდ არც ცოდნა მოუცია და არც მოტივაცია. ამ პარტიაში სხვადასხვა საქმის შესრულების პარალელურად, რუტინულად, პირადი სურვილით დავიწყე ლიბერტარიანული ვიდეოკონტენტის თარგმნა და გახმოვანება. აქედან და „გირჩის" წევრების ურთიერთობიდან უამრავი რამ ვისწავლე, გავხდი „გირჩის ხმა” და ერთ-ერთი სპიკერი.
პარალელურად ვარ თბილისში ინტერიერის მცენარეების პირველი დიზაინ-შოპის, Plant Shop-ის დამფუძნებელი (ნინოშვილის 8, გვეწვიეთ). უცოლო, უშვილო, მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდაზე", - ამბობს ჰერმან საბო.
რა იქნება მისი პრიორიტეტი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობისას?
ჰერმან საბო „ლიბერალთან“ ამბობს, რომ პარლამენტში მხოლოდ ურთიერთდაპირისპირებაზე აგებული, შინაარსგამოცლილი სისტემა ჩამოყალიბდა. დღეს დეპუტატები კომფორტის ზონაში არიან და სისტემის გარედან მოხვედრილი დეპუტატი, ერთი „გირჩელიც" მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის მუშაობის ხარისხის გასაზრდელად.
„დღევანდელი პარლამენტი დადგმულ თამაშს ჰგავს - უსაქმური პარლამენტარები კომფორტის ზონაში არიან, საქმიანებს კი როლები აქვთ განაწილებული და ერთმანეთთან დაპირისპირებაში საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმით არიან უმეტესად დაკავებულნი.
ამ „საათივით აწყობილ“, მაგრამ შინაარსგამოცლილ სისტემაში „გირჩის“ მოხვედრა, თუნდაც ერთი „გირჩელის“, ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მარტო „გირჩის“ მხარდამჭერები კი არა, სხვა პარტიების ამომრჩევლებიც უნდა ხვდებოდნენ - განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ამ არჩევნებით რეალური ძალთა ბალანსი არ/ვერ შეიცვლება და ვერც „ჯამაჰირიის ჩამოგდებით“ აღაგზნებ ამომრჩეველს და ვერც „ნაცების მეორედ მოსვლის შიშით“.
ასეთ მომენტში, იდეალური დროა ერთი „გირჩელის" პარლამენტში მოსახვედრად. რას შეცვლის ერთი „გირჩელი“?
ჩემთან ნამდვილი ლაპარაკი მოუწევთ სხვა პარლამენტარებს და არა „ცხრაწელი“ და „ჯამაჰირია“ გამოძრომები. მე მათ საპარლამენტო ტრიბუნიდან ნათქვამ თითოეულ სისულელეს ძვირად დავუსვამ - ამ სისულელეების გასაჯაროებით და ახსნით - რატომაა სისულელე“, - ამბობს „გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი.
ასევე, ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ პარლამენტში ეკონომიკის მცოდნე ადამიანების დეფიციტია - ეკონომიკის ცოდნის გარეშე პოლიტიკოსობა კი მავნებლობაა.
„ამომრჩეველს ვპირდები, რომ პარლამენტის მუშაობის რეალურ შინაარსს გამოვიტან ხოლმე, ადამიანურ ენაზე. ვეცდები, ყოველდღიურად გავასაჯაროვო, თუ რა შინაარსის კანონებს იღებს პარლამენტი. ამბის გამომტანი ვიქნები.
ყველა კანონპროექტთან მიმართებაში ვეცდები სხვები დავარწმუნო, რომ მეტი თავისუფლების გზა უკეთესია, ვიდრე ნაკლები თავისუფლების.
კონკრეტულ კანონპროექტებს ჯერ არ ვგეგმავ. ამ მიმართულებით დაპირებებზე კამპანიის აგება ტყუილი იქნება ჩემი მხრიდან - ერთ „გირჩელს“ შესვლისთანავე ფიზიკურად არ ექნება რაიმეს გატანის შანსიც კი. მხოლოდ შიგნით ბევრი მუშაობის შემდეგ შემეძლება, ცალკეული პარლამენტარები საღ აზრში დავარწმუნო ხოლმე და შემდეგ მექნება კანონშემოქმედებითი მუშაობის საშუალება“, - ამბობს „ლიბერალთან“ ჰერმან საბო.