Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატიმრის შესაძლო ცემა გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში

03 აპრილი, 2019 16:54

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" განცხადებით, გურჯაანის რაიონის პოლიციაში პატიმარს სცემეს და ასევე მოხდა სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაცია. ორგანიზაცია გურჯაანის პოლიციის მაღალჩინოსნების  გათავისუფლებას მოითხოვს. 

მათი თქმით, შემთხვევა 22 მარტს მოხდა. თორნიკე ტურიაშვილი და უჩა ილაშვილი მდინარე ალაზნის აკრძალულ ტერიტორიაზე ნავით თევზაობდნენ, როდესაც მათ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა, ბესიკ შუბითიძემ ცეცხლი გაუხსნა. 

„ამ ფაქტის მიჩქმალვისთვის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს, თუმცა არც ერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, თუ რატომ ჰქონდა ტყვიების უმეტესობა დაკავებულს ზურგის არეში მოხვედრილი“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

წაიკითხეთ დეტალები სრულად:

„ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პოლიციის იმ მაღალჩინოსნების გათავისუფლებას მოითხოვს, ვინც გურჯაანის რაიონის პოლიციაში პატიმარს სასტიკად ცემა და სისხლის სამართლის ფალსიფიკაცია განახორციელა. პოლიციელების მიერ ნაცემი პირის ინტერესებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.

შემთხვევა 22 მარტს მდინარე ალაზანზე მოხდა. თორნიკე ტურიაშვილი და უჩა ილაშვილი მდინარე ალაზნის აკრძალულ ტერიტორიაზე ნავით თევზაობდნენ, როდესაც მათ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა, ბესიკ შუბითიძემ ცეცხლი გაუხსნა. 

უკანონოდ მოთევზავე ორი პირი გარემოს დაცვის თანამშრომელებმა დააკავეს. თორნიკე ტურიაშვილს დაკავებისას 5 ცეცხლნასროლი დაზიანება ჰქონდა მიღებული. ამ ფაქტის მიჩქმალვისთვის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს, თუმცა არც ერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, თუ რატომ ჰქონდა ტყვიების უმეტესობა დაკავებულს ზურგის არეში მოხვედრილი. 

მეორე დაკავებულ უჩა ილაშვილს მთელი ღამის განმავლობაში პოლიციელები ცემით აიძულებდნენ, მიეცა მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება, თუმცა უშედეგო მცდელობის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით შეუდგინეს დაკავების ოქმი და ყვარლის დროებითი განთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

სწორედ, დროებითი განთავსების იზოლატორის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა დაზიანება ილაშვილს სხეულზე. მოგვიანებით დაკავებულები სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

26 მარტს უჩა ილაშვილი ხელმეორედ დააკავეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვეს. უჩა ილაშვილი ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული. ხვალინდელ პრესკონფერენციაზე დასახელდება კონკრეტული მაღალჩინოსანი პოლიციელების ვინაობა, რომლებიც სცემდნენ პატიმარს და ასევე გააყალბეს საქმის სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ამასთანავე წარმოდგენილი იქნება სხეულის დაზიანებების ამსახველი ოფიციალურ დოკუმენტებიც“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უზრუნველყოს მომხდარის დროული და ეფექტიანი გამოძიება, გამოძიების დასრულებამდე კი თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ის პოლიციელები და გარემოს დაცვის თანამშრომლები, რომელთაც შესაძლოა, ხელი შეუშალონ ობიექტურ გამოძიებას და კიდევ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაულები.

შსს-ს ინფორმაციით, შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს კახეთის საოლქო პორკურატურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^