სოციალურ ქსელში გავრცელდა ბათუმის მე-3 დაწესებულების პატიმრების წერილი, სადაც ნათქვამია, რომ დაწესებულებაში „უხეშად არღვევენ პატიმრების კანონიერ უფლებებს და ლახავენ მათ პატივსა და ღირსებას“.
წერილში, რომელშიც პატიმრებმა ციხიდან გამოაგზავნეს აღწერიალია თუ რა პირობებში უწევთ მათ ყოფნა. უფრო კონკრეტულად, ისინი სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში სათვალთვალო კამერების არსებობაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.
„ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე ყოველდღიურად, უკლებლივ მთელი დაწესებულების ყველა საცხოვრებელ საკანში გვითიშავენ წყალს ღამის 3 საათზე და გვირთავენ დილის 07:30 საათზე. წყლის გათიშვის პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ჩვენ ამ საათების მანძილზე ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც იწვევს ჩვენი ჯანმრთელობის მოსპობასა და განადგურებას.
ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე დღემდე ჰაერის გამწოვი საშუალება მუდმივად ითიშება ღამის 3 საათზე და ირთვება დილის 07:30 საათზე.
ჩვენ მიმართ ხორციელდება მუდმივი გამოწვევა და აგრესია. ყველა გზით ცდილობენ, გამოგვიყვანონ მდგომარეობიდან და დაგვიმატონ სასჯელი. უკანონოდ გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებსა და პაემნებს ოჯახთან. ასევე უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში,“ - წერია წერილში.
ასევე წერილში ნათქვამია, რომ მძიმე ვითარებაა სამარტოო საკნებში:
„ხსენებულ საკნებში არ გვაწვდიან არანაირ ჰიგიენურ საწირო საშუალებებს, გვძინავს პირდაპირ პოლზე დაგდებულ ლეიბზე რათა დაგვმართონ ტუბერკულიოზი, ასევე ვიკვებებით პოლზე დაგდებულ ლეიბზე რადგან არის საშინელი ანტისანიტარია. ასევე არც ერთ ხსენებულ საკანში არ იღება ფანჯრები და არის ღია საპირფარეშოები და როცა ღამით წყალს გვითიშავენ მოგეხსენებათ რა გაუსაძლის მდგომარეობაშიც ვიქნებით. ამ ყველაფრის ფინზე შემოდიან ხსენებულ საკნებში და გვართმევენ საწერ კალმებს და არ გვაწერინებენ განცხადება საჩივრებს“,- წერია წერილში.
„ლიბერალი“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბათუმის მე-3 დაწესებულებასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას უახლოეს ხანში გაავრცელებს. „ლიბერალი“ განცხადებას გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ.