საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შენობაში ძალადობრივი, ძალისმიერი შეჭრა არ არის გამოსავალი, რომლითაც დევნილი ოჯახები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან.
„ერთადერთი გზა არის, რომ ის რიგითობა, რომლის დაცვის ვალდებულებაც გვაქვს, უნდა იყოს შეთანხმებული დევნილთა საზოგადოებასთან, გამჭვირვალე და აღქმადი მათი ჩართულობით. სხვანაირად ერთ ჯერზე ორი მილიარდი დოლარი, უბრალოდ, არ გვაქვს ამისთვის. ახლა კონკრეტული პრობლემა არის იმაში, რომ დევნილების ნაწილს მეთოდოლოგია, რომელშიც სოციალური საჭიროებებია ჩადებული, არ აკმაყოფილებს. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მათ და ერთობლივად ვამუშავებთ მეთოდოლოგიაში ცვლილებას, თუ ეს საჭირო იქნება. მაგრამ გზა არის ერთი - რაღაც რიგითობით, კრიტერიუმებსა და ლოგიკაზე დაფუძნებით ამ ბინების განაწილება. ძალადობრივ გზას შედეგი არ ექნება“, - განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.
ამ დროისთვის დევნილები „დირსის“ ერთ, მე-15 კორპუსში რჩებიან და მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ლიბერალს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ისინი თითოეული ოჯახის ვითარებას და ბინით დაკმაყოფილების საკითხს ცალ-ცალკე განიხილავენ.
2 აპრილს „დირსის“ მე-13 კორპუსი დატოვეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა. ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მათი შეხვედრა წარმატებით დასრულდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან 2020 წლამდე ბინებით დაკმაყოფილების პირობა მიიღეს.
კომპანია „დირსის“ კორპუსებში 150-მდე დევნილი ოჯახი 1 აპრილს შევიდა და ბინები დაიკავა. მას შემდეგ კორპუსებთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები შენობაში შესვლის უფლებას არავის არ აძლევდნენ, არც ჟურნალისტებს და არც გარეთ დარჩენილ დევნილებს.