უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში მისი ერთადერთი კონკურენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვას, პოლიტიკური დებატების კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართვის შესახებ, Twitter-ზე გამოეხმაურა.
„ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, მიხარია, რომ თუმცა არადსამაჯერებლად, მაგრამ მაინც მიიღეთ დებატებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ჩვენ სხვადასხვა ვართ. ჩვენი გეოპოლიტიკური კომპასის ისრები დიამეტრულად განსხვავებულ მხარეებს უჩვენებს. ჩვენი ქვეყანა - ძლიერი ევროპული უკრაინაა, რომელიც არანაირ ვითარებაში, არავის წინაშე არ დაიჩოქებს!“, - აღნიშნა პოროშენკომ.
მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, „დებატები არ არის შოუ. საარჩევნო კამპანია ეს არის მოვლენა, რომელიც წლობითა და ათწლეულობით ადრე განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ეს სახუმარო არ არის. იყო პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელი - ეს არ ნიშნავს თამაშს და თავის მოწონების სურვილს. ეს ნიშნავს, იღებდე პასუხისმგებლობას ადამიანებისა და ქვეყნის წინაშე, უკრაინის შიგნით და საერთაშორისო დონეზე“, - დაამატა პოროშენკომ.
მისი სიტყვების მიხედვით, დებატები არ არის სასტადიონო სანახაობა. „დებატები - ეს სერიოზული დისკუსიაა ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შესახებ, მისი ღირებულებების, ისტორიული ვექტორის, პრიორიტეტების შესახებ. ქვეყანა არა მარტო ირჩევს, არამედ მას ანდობს თავის ბედს“, - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა. - „დებატების წესები გაწერილია პრეზიდენტის არჩევის კანონში, წაიკითხეთ ის, თუ შეიძლება. ის შეიძლება მიმდინარეობდეს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე, ყველა ტელეარხის ტრანსლაციით ათობით მილიონი ადამიანისთვის. ასეთი წესებია დადგენილი. მაგრამ, რადგან სტადიონი, იყოს სტადიონი. მე გელოდებით, ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ“, - ხაზი გაუსვა მან.