დღეს, 5 აპრილს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს შეხვდა.
როგორც „ლიბერალს“ უწყებაში განუცხადეს, ქვლივიძე თავდაცვის აკადემიაში ლექციების წაკითხვას გააგრძელებს, რაც „ავტომატურად ნიშნავს საჩივრის გაუქმებას“.
სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უწყებისთვისა და მინისტრისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების არსებობდა.
ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ყოფილი თანამშრომლისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. მფრინავი ქალი აცხადებდა, რომ ხელმძღვანელები მას ავიწროებდნენ და არ აძლევდნენ სრულყოფილი საქმიანობის შესაძლებლობას.