სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს ფატუ ბენსუდას აშშ-მა ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა.
შეერთებული შტატების ეს გადწყვეტილება, სავარაუდოდ, ბენსუდას გამოძიებას უკავშირდება. ბენსუდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშულს იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 2016 წლის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ავღანეთში შესაძლოა ჰქონდეს სიდუმლო იზოლატორები, სადაც ამერიკელი სამხედროები პატიმრებს აწამებდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვიზებს გაუუქმებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გამოძიებაში მონაწილეობას არ შეწყვეტს. უფრო მეტიც, შესაძლოა მათ მკაცრი სანქციებიც დაუწესონ.
ბენსუდას ოფისში კა აცხადებენ, რომ მოსამართლე თავისი მოვალეობის შესრულებას ობიექტურად და შიშის გარეშე განაგრძობს. ფატუ ბენსუდა ამ საქმის გარდა, 2008 წლის, საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებსაც იძიებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კი გაერომ 2002 წელს დააფუძნა, მისი რატიფიცირება მსოფლიოს 123-მა სახელმწიფომ მოახდინა, თუმცა შეთანხმებას არ შეუერთდა ქვეყნების ნაწილი, მათ შორის, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, აშშ და სხვ.
ICC იძიებს ომის დანაშაულებს, გენოციდსა და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სასამართლოები ამას არ ან ვერ აკეთებენ.