
ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ წასულ სხვა დეპუტატებთან ერთად, რომლებიც მისი თანამოაზრეები არიან, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს. ინფორმაცია „ლიბერალს“ პარლამენტის წევრმა დაუდასტურა.
„ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ვქმნით და ამაზე ვმუშაობთ. როგორი იქნება, ეს რამდენიმე თვეში გამოჩდება“, - განუცხადა ბესელიამ „ლიბერალს“.
ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე „რადიო თავისუფლებასთან“ რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც დეპუტატების ჯგუფთან ერთად უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტის პრეზენტაცია მოაწყო.
ეკა ბესელიას თქმით, პლატფორმის პრეზენტაცია რამდენიმე თვეში იქნება, ხოლო როგორი იქნება ახალი პლატფორმა და რა იქნება მისი სახელი, ბესელიას თქმით, ამას თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვეტს.
როგორც ეკა ბესელიამ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, ის მხარდამჭერებთან ერთად მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ფორუმში მონაწილეობასაც გეგმავს, რომელიც 13 აპრილს ფილარმონიაში გაიმართება. „მე ამ მოძრაობის მონაწილე და მხარდამჭერი ვარ“, - განაცხადა ბესელიამ „რადიო თავისუფლებასთან“.