„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, ბათუმში აღმოჩენილ სამარხში ნაპოვნი ნეშტების უმეტესობა მუსლიმებს ეკუთვნით. ამის გამო, ის აპროტესტებს ამ ნეშტების საპატრიარქოს ტერიტორიაზე გადასვენებას და ქრისტიანული წესით დაკრძალვას.
„ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ში აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც განთავსებული იყო 150-მდე ადამიანის ნეშტი.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებით ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული ნეშტები შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. დაგეგმილია ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მათი პატივით დაკრძალვა.
აქვე წარმოდგენილია სია, რომლიდანაც ირკვევა, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება“, - აცხადებს ნაკაიძე.
„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი მოითხოვს, რომ ნეშტების გადასვენებაში მუსლიმი სასულიერო პირები ჩართონ.
ბათუმში, 1937-1938 წლებში სტალინური რეპრესიების მხვერპლთა სამარხი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე აღმოაჩინეს.
სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა.
ეპარქიის ინფორმაციით, 150-მდე ადამიანის ნეშტი „უწესრიგოდ და უპატიოდ იყო განთავსებული“. მათივე ინფორმაციით, 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რეპრესირებულებს პატივისცემით დაკრძალავენ.