ჰოლივუდის მსახიობი კრის ევანსი, რომელიც მარველის კომიქსების ცნობილ გმირს „კაპიტან ამერიკას“ თამაშობს, ახალ პლატფორმას აანონსებს. CNN-ის მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ მსახიობი პოლიტიკოსებს ერთგვარ სამოქალაქო ჩართულობის პროექტში მონაწილეობას სთავაზობს, რომელსაც „საწყისი წერტილი“ ჰქვია.
ევანსის მიზანი არაპარტიული პლატფორმის შექმნაა, სადაც სხვადასხვა საკითხზე რესპუბლიკელი და დემოკრატი პოლიტიკოსების მოსაზრებები განთავსდება. „მე უბრალოდ ვფიქრობდი, რატომ არ არის რაიმე სანდო ადგილი, სადაც შევძლებ ლაკონიური ფორმით მოვისმინო ამა თუ იმ საკითხზე ორივე პარტიის წარმომადგენელთა მოსაზრებები?“ - ამბობს „კაპიტანი ამერიკა“ ვიდეოში.
ევანსი მიმართავს პოლიტიკოსებს, რომ მათ ათობით საკითხზე დასუვამს კითხვას და მისცემს საშუალებას ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებიც მათ სურთ. „მინდა განვმარტო, რომ ეს ვებგვერდი არ ეხება ჩემს პოლიტიკურ პოზიციას. ეს არ არის ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე, ეს თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება. ეს არის შანსი, რომ ისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც გაღელვებთ“, - მიმართავს ვიდეოში კრის ევანსი პოლიტიკოსებს.
ვიდეოში პოლიტიკოსების ნაწილიც ჩანს, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე საუბრობენ. ევანსის წარმომადგენლები არ აზუსტებენ როდის გაუშვებენ ახალ პროექტს. თუმცა, დემოკრატმა პოლიტიკოსმა ერიკ სოლუელმა ჯერ კიდევ მარტში Twitter-ზე დაწერა, რომ მას კრის ევანსთან ინტერვიუ ჰქონდა.