
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლებმა 2019 წლის თებერვალში ქსნის N15 დაწესებულების თანამშრომელი ციხეში ნარკოტიკების შეტანის გამო დააკავეს.
პენიტენციურმა სამსახურმა მისი თანამშრომლის დაკავების შესახებ განცხადება „რუსთავი 2-ის“ მომზადებულ სიუჟეტზე საპასუხოდ გაავრცელა, რომელიც საქართველოს ციხეებში მიმდინარე პრობლემებს ეხება.
„2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19, 378' მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 05 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლებმა დააკავეს ქსნის N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ი.მ.“ - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
როგორც უწყება წერს, ინსპექტორ-კონტროლიორს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის-ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისთვის წარედგინა, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ი.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 2019 წლის 7 თებერვალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.