„შენების მოძრაობის" წარმომადგენლებმა დავით უსუფაშვილმა, კოკა ფრუიძემ და თენგიზ შერგელაშვილმა საპენსიო საპენსიო რეფორმა შეაფასეს და მასში შესატანი ცვლილებების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.
„შენების მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე გადასვლა არათუ დროული, დაგვიანებულიცაა. ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებითა და ოპოზიციის ნაწილის პოპულისტური თავდასხმით მას საფრთხე შეექმნა. რეფორმა შეიძლება ჩავარდეს! ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა გავზარდოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მოხდეს რეფორმის კორექტირება და არა მისი ტორპედირება!
„შენების მოძრაობა“ მკაცრად ემიჯნება ხელისუფლებისა თუ ცალკეული ოპოზიციური ძალის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ქვეყნისთვის უნიშვნელოვანესი და უალტერნატივო რეფორმის მიმართ! წარმოგიდგენთ წინადადებების პაკეტს, რომელიც დაგროვებითი საპენსიო რეფორმის სწორად წარმართვას შეუწყობს ხელს.
წარმატებული საპენსიო რეფორმისთვის აუცილებელია: შემცირდეს მოქალაქეებისა და კერძო დამსაქმებლების ფინანსური ტვირთი; გაიზარდოს სისტემის ეფექტურობა; ამაღლდეს მოსახლეობის ნდობა რეფორმისადმი; უზრუნველყოფილი იქნას რეფორმის შეუქცევადობა სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგაც კი.
შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 18%-ის ოდენობით, რათა საპენსიო შენატანის ჩათვლით ფინანსური ტვირთი არ გასცდეს 20%-ს.
დასაქმებულების მიერ გადასახდელი საპენსიო შენატანი 2%-ის ოდენობით უნდა მოექცეს უკვე არსებული 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის ფარგლებში. დამქირავებლებს მათ მიერ დაქირავებულთა საპენსიო ფონდში შეტანილი სახსრები აესახოთ ზედმეტად გადახდილ გადასახადებში და მიეცეთ შესაბამისი თანხის სხვა გადასახადში ჩათვლის საშუალება.
ამ ფორმით დამქირავებელსა და დაქირავებულს მოეხსნებათ დამატებითი ფინანსური ტვირთისაპენსიო ფონდში შეტანილი თანხის სახით.
- მომზადდეს და განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სწრაფ განვითარებას, როგორც საპენსიო რეფორმისთვის აუცილებელ პარალელურ ღონისძიებას.
საპენსიო ფონდში მობილიზებულმა სახსრებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის შიდა დანაზოგებისა და შიდა საინვესტიციო რესურსის გაზრდაში. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიღებული, ჯერ კიდევ 2007-2008 წლების საკანონმდებლო ცვლილებებით, შემდგომ კი ქართული ოცნების უმოქმედობით, მინიმუმამდეა დაყვანილი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პოტენციალი. შექმნილი სიტუაცია სასწრაფოდ საჭიროებს გამოსწორებას, რადგან იგი წარმოადგენს საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას.
- საპენსიო რეფორმას უნდა ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი! მნიშვნელოვანია, რომ მასში სრულად იყვნენ ინტეგრირებული არამარტო ოფიციალურად დასაქმებული პირები, არამედ - ყველა დასაქმებული მოქალაქე.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენენ თვითდასაქმებულთა კატეგორიას მიკუთვნებული პირები და მათი შემოსავლების აღრიცხვიანობის საკითხი. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა, როგორ მოხდება თვითდასაქმებულთა ეტაპობრივი მოქცევა შემოსავლების აღრიცხვის სქემაში და შესაბამისად - საპენსიო სისტემაში.
- ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც სავალდებულო საპენსიო სქემაში სრულყოფილ მონაწილეებად აქცევს კერძო საპენსიო-სადაზღვევო ინსტიტუციებს.
საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში აუცილებელია კონკურენტული გარემოს შექმნა.
მოქალაქეებს უნდა მიეცეთ, არჩევანის საშუალება სახელმწიფო საპენსიო ფონდსა და კერძო საპენსიო ინსტიტუციებს შორის. ამასთანავე, სახელმწიფომ საკუთარი საზედამხედველო-მარეგულირებელი ფუნქციით ამ კერძო ინსტიტუციების ფინანსური მდგრადობაც უნდა უზრუნველყოს.
- ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია, რათა მოქალაქეები უკეთ გაერკვნენ რეფორმის არსში!
დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა და რისკი
სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში და მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა განვითარებულ ქვეყანაში გვხვდება სხვადასხვა ვარიაციით. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია შესაბამისი სოციალური უსაფრთხოების ევროპული მოდელების შექმნასაც გულისხმობს. დეკლარირებულად ევროპული ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ჯგუფებიდან კი გასაკვირია ევროკავშირის გამოცდილებისა და სოციალური კონცეფციების სრულიად საწინააღმდეგო, ანტიევროპული პოზიცია საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით!
სამწუხაროდ, ვერც ხელისუფლებამ გაითვალისწინა ამ ხანგრძლივი რეფორმის ზეპარტიული ხასიათი. ვერ უზრუნველყო მისი განხორციელების პროცესში საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სპექტრის ფართო ჩართულობა და სრულყოფილად ინფორმირება. ცალკეული ოპოზიციური ჯგუფები კი სარგებლობენ ამით და საპენსიო რეფორმისადმი უნდობლობას აღვივებენ საზოგადოებაში.
რეფორმისადმი ნდობა გაიზრდებოდა, თუ საწყის ეტაპზევე იგი არ გადაიქცეოდა დამატებით ფინანსურ ტვირთად დასაქმებულებისა და დამქირავებლებისთვის. ვაცხადებთ, რომ დამატებითი საპენსიო შენატანები არსებული საგადასახადო ტვირთის ფარგლებში უნდა მოექცეს!
პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ხშირად ეწინააღმდეგებიან თავად დაგროვებითობის პრინციპს. ისინი იდეის დისკრედიტაციის პარალელურად არ გვთავაზობენ ალტერნატიულ წინადადებებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ადამიანებს საპენსიო ფონდში უკვე შეტანილი თანხების უკან დაბრუნებას ჰპირდება. ფაქტობრივად, რეფორმის მოწინააღმდეგეები დღესაც ძველი, უსამართლო, არაეფექტური საპენსიო სისტემის შენარჩუნებას გვთავაზობენ.
საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები გვახსენებს 2004 წლის შემდგომ წლებს, როდესაც მაშინდელი ლიბერტარიანული ეკონომიკური იდეოლოგიით, საპენსიო ასაკის, ჯანმრთელობისა თუ სხვა სოციალური რისკი მოქალაქეთა მხოლოდ პირად პასუხისმგებლობას წარმოადგენდა.
სწორედ ამ იდეოლოგიური მიდგომის გამო ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საპენსიო სფეროში რეფორმა არ გატარდა და არსებული „საპენსიო სისტემად“ წოდებული სქემა შენარჩუნდა. ეს სქემა ბიუჯეტიდან ყველასთვის თანაბარი (მიუხედავად ნამსახურების წლებისა, შემოსავლებისა და სამუშაოს სპეციფიკისა) სოციალური დახმარების გაცემის პრინციპს ეფუძნება. არჩევნების წინ პენსიის მომატების საკითხის გააქტიურება კი არ ემსახურებოდა მოქალაქეთა საპენსიო პრობლემის მოგვარებას და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის თემას წარმოადგენდა.
არადა, ქვეყანაში დემოგრაფიული ფონი საკმაოდ მძიმეა, პენსიონერთა რიცხვი თითქმის იგივეა, რაც ოფიციალურად დასაქმებული პირების რაოდენობა. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 745 001 პენსიონერი და 860 200 დასაქმებულია. სახეზეა პენსიონერთა რაოდენობის ზრდის დინამიკა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 7-10 წელიწადში, შესაძლოა, თითქმის 1 მილიონამდე გაიზარდოს.
თუ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ განხორციელდება, რამდენიმე წელიწადში მივიღებთ კატასტროფულ ფისკალურ სურათს: ოჯახში გვეყოლება სიმბოლური პენსიის მქონე ასაკოვანი წევრი და ყველა სხვა პარამეტრით (განათლება, ჯანდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება..) შეიქმნება სავალალო მდგომარეობა. ქვეყნის ბიუჯეტი საპენსიო ვალდებულებების შესრულებას ვერ გაუძლებს.
აქედან გამომდინარე, „შენების მოძრაობა“ ყველა მხარეს მოგიწოდებთ, დაასრულოთ გაუაზრებელი მიდგომა და პოპულისტური თავდასხმა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მიმართ! ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი ამ პროცესის სწორად და ეფექტურად გაგრძელებას!