პარლამენტმა გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი განმეორებით კენჭისყრაზე მიიღო. პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 - წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართა.
5 აპრილს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს უყარა. კანონის მიღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. როგორც სხდომის შემდგომ დეპუტატებმა განმარტეს, მიზეზი ტექნიკური პრობლემა იყო.
კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ. კანონის პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი.