საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება განათლების მინისტრის ინიციატივას და მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას კიდევ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, კერძოდ, გამოკითხულთა 73%-ს არ სურს აღნიშნული გამოცდების გაუქმება.
გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს, 30% კი მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს სავალდებულო.
რაც შეეხება განათლების ხარისხის შეფასებას, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (45%) სასკოლო განათლების ხარისხს საშუალოდ აფასებს, ხოლო გამოკითხულთა მესამედი - უარყოფითად.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.