საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 84%-ის აზრით, ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმე” სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს.
2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი გარჩევის დროს ორი მოსწავლე მოკლეს. ამ შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი, ასევე, პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (96%) ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია.
გამოკითხულთა 79% ფიქრობს, რომ ზოგადად გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კარგი გადაწყვეტილება იქნება.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +- 2.3%-ის ფარგლებშია.