Facebook-ის განცხადებით, კომპანია ხელოვნური ინტელექტს გამოიყენებს, რომ გარდაცვლილი ადამიანების პროფილები ქსელში აქტიურად აღარ გამოჩნდეს, სანაცვლოდ კი მათ სპეციალური „მემორიალური დაფები“ გაუკეთონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კომპანიაში სურთ, შეამცირონ „მტკივნეული გამოცდილება“, რომ გარდაცვლილი საყვარელი ადამიანების პროფილები აღარ გამოჩნდეს ამა თუ იმ ღონისძიებისთვის მოსაწვევ პირთა სიაში, არ შემოგხვდეს მათი დაბადების დღეები ისე, თითქოს ცოცხლები არიან და ა.შ.
Facebook-ის განმარტებით, გარდაცვლილთა პროფილები შენარჩუნდება იმ სახით, როგორითაც მათი ბოლო ვიზიტის დროს იყო, გარდაცვლილის შესახებ „მემორიალური სტატუსები“ კი ცალკე გამოჩნდება.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ Facebook დარჩება სივრცედ, სადაც საყვარელ ადამიანთა მოგონება და მათი სულები განაგრძობს არსებობას“, - თქვა კომპანიის ოპერაციების უფროსმა ოფიცერმა, შერილ სენდბერგმა.
Facebook-ის განცხადებით, მომხმარებლები ხშირად წუხდნენ, რომ მათი გარდაცვლილი საყვარელი ადამიანები ქსელში იმავენაირად აქტიურად და იმ სახით ხვდებოდნენ, თითქოს ცოცხლები იყვნენ.
თუმცა 2009 წლიდან Facebook საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ გარდაცვლილი ადამიანების ანგარიშები მემორიალურ პროფილებად აქციონ - მათ ანგარიშებზე სპეციალური ბანერი ჩნდება, რომელიც მისი გვერდის დამთვალიერებელს აცნობებს, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილია.