„ტერენტი გრანელი პოეტიც იყო და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას და ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ირაკლი პატარიძემ განაცხადა.
ირაკლი პატარიძე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.
დღეს ბათუმის საკრებულოში სხდომაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" როინ ზოიძე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა.
ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.
მოხსენების წარდგენისას კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ქალაქში პროზაიკოსის ბიუსტის დადგმას გეგმავდნენ.
„კითხვა დავსვი, განმარტებით ბარათშიც უწერია და მოხსენების დროსაც თქვა, რომ დიდ პროზაიკოსს ვუდგამთ ბიუსტს. ვკითხე პროზაიკოსია თუ პოეტი? ან დამისახელე ერთი პროზაული ნაწარმოები-მეთქი. ამას მოჰყვა აგრესია, იმიტომ, რომ არ აქვს ინტელექტი ადამიანს და გადმოდის აგრესიაზე'', - თქვა ჟურნალისტებთან ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.