სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა სოლიდური თანხის, მილიონების საკითხია, - ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტაძრის მოხატვის ხარჯები ჯერ დაანგარიშებული ზუსტად არ არის, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი სამუშაოა.
„ეს საკმაოდ დიდი, სოლიდური თანხებია, მოგეხსენებათ, მოხატვა საკმაოდ ძვირიან სამუშაოს ნიშნავს. სამება საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარია, მისი შიდა კედლების ფართი 23 000 კვადრატულ მეტრამდეა. თანხები ზუსტად დაანგარიშებული ამ ეტაპზე არ არის, ეს მილიონების საკითხია, ძალიან ძვირია და რა თქმა უნდა, პროცესი ხანგრძლივია, რადგან ეს ის თემაა, რომელიც ვერ იტანს აჩქარებას. მოხატვა არ არის სხვა ტიპის სამშენებლო სამუშაო“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.
სასკოლო პროგრამების დახვეწა, სამების ტაძრის მოხატვა - ივანიშვილი პატრიარქს შეხვდა
11 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი მიიღო. საპატრიაქროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.