
ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრას „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლები, მოძრაობის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრაზე იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც, მათ შორის: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი. ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი;
„აქ მოვედი რათა გაცევნო იმ ხედვებს, მიზნებს, რასაც ორგანიზატორები, ამ იდეის სულისჩამდგმელები გააჟღერებენ და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას თანამშრომლობაზე თუ ა.შ.", - ამის შესახებ შეკრების დაწყებამდე ჟურნალისტებს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მოძრაობის შეკრებაზე დასასწრებად მივიდა ასევე „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.
„აქ არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად... დავით მაღრაძემ მთხოვა მოსვლა და მოსმენა, მოვედი და მოვუსმენ. და ვუსმენ ყველას, ვინც მივა იმ აზრამდე, რომ „ქართული ოცნება" შესცვლელია არჩევნების გზით, მაგრამ არა „ნაციონალური“ რევანშით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს, მედიასთან კომენტარი ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ გააკეთეს.
„ვინაიდან, დღეს ისევ აქტუალურია უსამართლობასთან ბრძოლა, ბუნებრივია, რომ საქართველოს დაცვისაკენ მოწოდება ისევ გაისმა",- ამის შესახებ კომენტარი დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეკრებაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს კვლავ აქტუალურია ის პრობლემები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებობდა.
„შეგვკრიბა წუხილმა, რომელიც უკავშირდება ბოლო პერიოდის მოვლენებს. ქვეყანაში ვითარება შესაცვლელია. წარსულის აღზევება და დაბრუნება, დღეს მისი ახალ სამართლიანობად გასაღება - ეს ყველასთვის მიუღებელია, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ამ ბრძოლას", - ამის შესახებ კი დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადდა.