„გაიფიცე გარემოსთვის“ - ხვალ, 15 აპრილს, რუსთაველის მეტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
საინიციატივო ჯგუფის "ვინ'მე • Vin'me" და ორგანიზაციის "ახალგაზრდა მწვანეები • Georgian Young Greens" წევრებმა დღეს თბილისის მერიასთან გაფიცვის მანიფესტი წაიკითხეს და ახალგაზრდებს მოუწოდეს გაფიცვას შეუერთდნენ.
ისინი მოითხოვენ: თბილისში ტრამვაის გაყვანას, ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლებას, მთაწმინდის ფერდობებზე მშენებლობების შეწყვეტას, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას, რეკრეაციული ზონებისა და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტას, ჰესების მშენებლობის აღკვეთას, შეწყდეს ჰესების მოწინააღმდეგე მოსახლეობის დაშინება.
„კლიმატის ცვლილება ხდება აქ და ახლა. კლიმატის ცვლილება და განადგურებული გარემო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ახალგაზრდები ვერთიანდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გლობალური კლიმატის მოძრაობას, ჩვენ ვიფიცებით გარემოსთვის, გაიფიცეთ გარემოსთვის თქვენც!“.