საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია. ეს მონაცემი წინა თვესთან შედარებით 2.1 ლარით გაიზარდა. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი 176.9 ლარი იყო.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს ოჯახის ტიპის მიედვით, საქსტატის ინფორმაციით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 256 ლარია, სამსულიანის 288 , ოთხსულიანის 321 ლარი, ხუთსულიანის - 361 ლარი ხოლო ექვსსულიანის და მეტის კი 427 ლარით.
"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა, " განმარტავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.