„შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება, მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
„ჩვენ იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ, გავიზიაროთ ის რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციისა და სამართლის ლოგიკასთან და ამ მიდგომის შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება, მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ჩემი კოლეგებისთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით, კონტექსტის გათვალისწინებით, მე მიმაჩნია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება შესაძლებელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.