ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მომზადებული კანონპროექტის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი სოფო ვერძეული „ლიბერალთან“ ამბობს, რომ ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს უმრავლესობის კანონპროექტს. კომისია საკვანძო საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციას იზიარებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ და მოსამართლეთა კლანად წოდებულ ჯგუფს დაუპირისპირდა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ვენეციის კომისიამ თავისი მოსაზრების დიდი ნაწილი დაუთმო არსებული კონტექსტის შეფასებას და სწორად გაუსვა ხაზი, რომ იუსტიციის მოქმედი საბჭოს მიმართ უნდობლობის მაღალი ხარისხია“, - ამბობს სოფო ვერძეული.
ვერძეულის თქმით, სწორედ საბჭოს მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვებიდან გამომდინარე, დაიწერა მოსაზრების დიდი ნაწილი და ვენეციის კომისია საკვანძო საკითხებში უმრავლესობის კანონპროექტს იწუნებს.
„შესაბამისად, რამდენიმე მნიშველოვანი საკითხია, რომელშიც კანონპროექტის ავტორებს მოუწევთ ცვლილების შეტანა:
- ინტერესთა კონფლიქტი - ძალიან ცხადად წერს ვენეციის კომისია, რომ საბჭოს წევრი, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უნდა ჩამოშორდეს შერჩევის პროცედურას. მას არ უნდა შეეძლოს შერჩევის რომელიმე ეტაპში ჩაერთოს.
- საკვალიფიკაციო გამოცდის თემა - ეს დიდი დისკუსიის საგანი იყო ქვეყნის შიგნით. ვენეციის კომისია კი პირდაპირ ამბობს, რომ კანდიდატების მრავალფეროვნება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არასამოსამართლო წარსულის კანდიდატები არ უნდა იყვნენ ვალდებული, თავიანთო კომპეტენციის დასამტკიცებლად გაიარონ საკვალიფიკაციო გამოცდა.
- ფარული კენჭისყრა და გადაწყვეტილების მიღების ფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ფარული კენჭისყრა გამორიცხავდა დასაბუთების ნებისმიერ ხარისხს. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ფარული კენჭისყრა და გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც არგუმენტაცია იქნება გაწერილი და კანდიდატს ექნება გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.
ამას გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მინიშნებაც არის. მათ შორის, ის რომ ძალიან ბევრი ვაკანსია ჩნდება ერთდროულად უზენაეს სასამართლოში და სწორედ ამ უნდობლობისა და პარლამენტის მიერ არჩევნების მოლოდინის გამო არ იქნება მიზანშეწონილი ყველა ვაკანსია შეივსოს ახლა“, - ჰყვება ვერძეული „ლიბერალთან“.
EMC-ის იურისტის თქმით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ახლა მხოლოდ ვაკანსიების კრიტიკული რაოდენობა გამოცხადდეს და უნდა დაინიშნოს იმ მინიმალური რაოდენობის მოსამართლეები, რამდენიც სჭირდება სასამართლოს ფუნქციონირებისთვის. დანარჩენი ვაკატური ადგილები კი მომავალი არჩევნების შემდეგ, ახალმა პარლამენტმა უნდა დააკომპლექტოს.