სუპერმარკეტების ქსელის „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მის კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარე დავაზე საუბრობს.
სოფრომაძის თქმით, მთავრობა ბიზნესსაქმიანობაში ხელს უშლის, რის გამოც მილიონობით დოლარის პროექტებს ვერ ახორციელებს და დამატებით სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის. „ვინმე ბიძინა ივანიშვილი“ კი ამ დროს წერილს ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლების თვალსაჩინო წარმატებაზე საუბრობს ეკონომიკაში და მისი წერილის შეფასება საჯარო სივრცეში წარმოსათქმელი სიტყვებით არ შეუძლია.
„მე ამ ხნის განმავლობაში, თქვენი ამ ვაკხანალიის გამო დავკარგე 15 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი. ვერ გაიხსნება 120 სამუშაო ადგილი, მილიონობით ლარი ვერ შევა ბიუჯეტში იმიტომ, რომ მე ვერ ვუხსნი ჩემს კომპანიონებს, ჩემს თანაინვესტორებს, განა რა ჩაიდინა „ფრესკომ“ ასეთი, ამდენი ხნის განმავლობაში, დღესაც რომ დავა აქვს სახელმწიფო საგადასახადო სტრუქტურებთან.
ამ ყველაფრის ფონზე მე შემთხვევით წავაწყდი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ვინმე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენისადმი მიძღვნილ წერილს.
მინდა ამონარიდი წაგიკითხოთ: „ოცნების“ ხელისუფლებამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონული თუ გლობალური პოლიტიკური-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე რეალური შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა - სიტყვები არ მყოფნის ამის კომენტირებისთვის. საჯარო სიტყვები არ მყოფნის, ეთერში და სივრცეში რომ წარმოითქმის ისეთი სიტყვები არ მომდის, სხვა სიტყვები მომდის თავში“, - ამბობს სოფრომაძე ვიდეომიმართვაში.
ვასილ სოფრომაძემ მის ბიზნესსაქმიანობაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა თბილისის მერიაც. „ფრესკოს“ დამფუძნებლის თქმით, წერეთლის გამზირზე მერიის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვას არ აძლევს და რეკომენდაციას აძლევენ, რომ იყიდოს „ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი“.
„არც ფეხაკრეფით და არც კარის გამოჯახუნებით მე ამ ქვეყნიდან არ წავალ. მე აქ ვდგავარ, აქ ვარ, აქ ვმუშაობ და აქ ვიქნები“, - ამბობს ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში.