„თბილისი პანორამის“ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი სამიდან ორი მუშა „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ლიბერალს“ „ამტელ ჰოსპიტალში“ უთხრეს, მათთან მიყვანილი მუშების მდგომარეობა სტაბილურია, დაშავებულები კონტაქტურები არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლინიკაში დამატებით კვლევებს გადიან.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილ მუშასაც. როგორც „ლიბერალს“ კლინიკაში უთხრეს, 21 წლის ახალგაზრდას ხელისა და თავის ტრავმები და გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს.
„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დღეს დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. მუშების დაშავების გამო შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის ადგილას მივიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებიც.