
მოსამართლე ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე კანონიერი იყო და ახლაც არ შეცვლიდა. მურუსიძის თქმით, გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ სასჯელის გამკაცრება პროკურატურას უნდა მოეთხოვა, თავად კი ვერაფერს შეცვლიდა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, ახლა ერთხმად ლაპარაკობენ, რომ, ესე იგი, მთავარი პრობლემა ყოფილა მურუსიძეში, ყველა პატიოსანი ყოფილა თურმე, ყველა გამოსწორდა და თურმე, აი, ბოლო რგოლი, რომ მარტო მანტია უნდა გამეხადა, საბოლოო ჯამში, რომ წინააღმდეგობა გამეწია და მანამდე, ვინც კანონი შეცვალა, ვინც მიიღო, ახლა ესენი ყველანი გაერთიანდენ და სხვათა შორის, ადვოკატიც შეუერთდა მათ, ამ გირგვლიანის საქმეზე. მე არ მაქვს პრობლემა, მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრობლემა იმაში მაქვს, რომ მურუსიძეს ნუ აბრალებთ. ვინც იყო გარეული ყველა ახლა მურუსიძის წინააღმდეგ გაერთიანდა“, - თქვა მურუსიძემ გადაცემაში.
ლევან მურუსიძის თქმით, ის მხოლოდ კანონის ფარგლებში იქცეოდა და ახლაც იმავენაირ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, როგორც წლების წინ.
„არ იყო ადეკვატური [სასჯელი], მაგრამ დავეთანხმე. იცით რატომ დავეთანხმე? იმიტომ, რომ პროკურატურამ არ მოითხოვა სასჯელის გაზრდა კასაციაში. ახლაც რომ მოხდეს იმავენაირად მოვიქცევი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.