ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აპირებს, რომ 18 აპრილს მივიდეს პროკურატურაში და ია კერზაიას საქმის მასალებს გაეცნოს. ამის შესახებ „ლიბერალს“ ბაჩანა შენგელიამ განუცხადა.
„ჩვენ ამას ისედაც ვითხოვდით, არადა პროკურორმა წერილობით უარი გვითხრა, ერთხელ გავასაჩივრეთ და ისევ უარი გვითხრა, მერე სასამართლოში გავასაჩივრეთ და ახლა გვითხრა რომ საზოგადოებრივი ინტერესის გამო. ჩვენ ამ შემოთავაზებას ვიყენებთ და მივდივარ, ხვალ ადვოკატთან ერთად. ჯერ დილით პრესკონფერენცია გვაქვს და მერე მივდივართ 12 საათზე პროკურატურაში, რომ სრულად გავეცნოთ საქმის მასალებს“,- უთხრა „ლიბერალს“ ბაჩანა შენგელიამ.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მასალის გასაცნობად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ბაჩანა შენგელიას სთავაზობს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მას შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.