საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა შესაძლოა დასჯადი გახდეს.
საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წარუდგინა.
ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება. ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.
ცვლილების ავტორთა განმარტებით, ინიციატივა განპირობებულია პაციენტის უფლებით, მიიღოს ადეკვატური, დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. საქმიანობის დროს მედპერსონალზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზემოქმედება კი, პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას აფერხებს.
„გახშირებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის ფაქტები. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შეშინებული და დათრგუნული ექიმი არ უნდა უწევდეს მას დახმარებას. ეს არის ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ დამატებით სამართლებრივ გარანტიებს,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.