აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი გაიფიცა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მაუწყებლის ოპერატორები ხელფასის გაზრდას ან სამუშაო პირობების შეცვლას მოითხოვენ. ამბობენ, რომ მათ ოპერატორთან ერთად მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისი არ აქვთ.
დღეს მრჩეველთა საბჭო, მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ტელეოპერატორების გაფიცვის მიუხედავად, სამსახური მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს. გაფიცულების ნაცვლად კი ანალიტიკური გადაცემებისა და რეგიონული ბიუროების ტელეოპერატორები მუშაობენ.
მაუწყებლის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ამბობს, რომ დამატებითი განმარტება, მრჩეველთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდება.
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი