პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა. მან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგინა.
ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე პრემიერმა განაცხადა, რომ გიორგი ქობულია არის ძლიერი ეკონომისტი და პროფესიონალი ანალიტიკოსი.
„გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტოკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ინდუსტრიულ საქმიანობაში, რომელსაც აერთიანებს ეკონომიკის სამინისტრო, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალში გამოგვადგება", - განაცხადა პრემიერმა.
ნათია თურნავას წარდგენისას კი აღნიშნა, რომ ის დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი, ძალიან ამბიციური და მკაცრი იქნება, თუმცა მას მთავრობის მხარდაჭერა ექნება.
„ნათიასთნ მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის დაახლოებით, მინიმუმ, 10-წლიანი გამოცდილება, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში. ის მაღალი კლასის პროფესიონალია, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება საზოგადოებისა და მეწარმეების ინტერესებს. ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას აქვს სწორი აღმქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და, აქედან გამომდინარე, ძალიან მკაცრი, თუმცა ნათიას აქვს ჩვენგან სრული მხარდაჭერა," - განაცხადა პრემიერმა.