არასამთავრობო ორგანიზაციები ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ეხმაურებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები ნეგატიურად აფასებენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის ვადამდე ადრე გადაყენებას და აცხადებენ, რომ ამ პროცესში იკვეთება ეჭვი პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.
„ნეგატიურად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდე ადრე გადაყენების შესახებ. სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭომ გაიზიარა იმპიჩმენტის ინიციატორთა სადაო არგუმენტები და არ გაითვალისწინა ის პროგრესი, რომელიც ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მიაღწია, რაც დასტურდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში მათ შორის, ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიისა და “Human Rights Watch”-ის ანგარიშებში.
სამწუხაროდ, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესი წარმოადგენს ქვეყანაში იმ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც მედია გარემოს გაუარესებისაკენ არის მიმართული და აძლიერებს ეჭვებს შესაძლო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.“-აღიშნულია განცხადებაში
განცხადებას ხელს აწერენ: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“,“საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი“ და “კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიური ანალიზის ცენტრი“.
ფოტო: აჭარის ტელევიზია