პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ხეობაში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა ცრემლმდენი გაზიც.
პანკისის ხეობაში ორი ჰესი - „ხადორი 1“ და „ხადორი 2“ უკვე აშენდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესებმა ხეობის ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. არადა, ხეობაში დამატებით ახალი ჰესების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. ჰესების მშენებლობასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შესახებ პანკისის ხეობაში ადგილობრივებს ორი დღის წინ მთავრობის წევრები, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, მინისტრი ხეობის მცხოვრებლებს ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობის კიდევ ერთხელ გადახედვას დაპირდა. თუმცა, დღეს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.