თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიამ მრგვალი ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. მათი თქმით, არსებული ინფრასტრუქტურის დაუყოვნებლივ შეცვლის საჭიროება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გამოიკვეთა.
როგორც „ლიბერალს" მერიაში განუცხადეს, რეაბილიტაცია პროექტის გარეშე მიმდინარეობს, რადგან, მათივე განცხადებით, არ იცვლება მრგვალი ბაღის დიზაინი და არ ხდება მისი ახალი ფუნქციური ზონირება, არამედ იგეგმება მხოლოდ დაზიანებული ფურნიტურის არსებული ფორმითა და სტრუქტურით შეცვლა.
„კერძოდ, გამოიცვლება ქვაფენილი საფეხმავლო ბილიკებსა და ბაღის ცენტრალურ როტონდაზე, ასევე ამუშავდება შადრევანი, განახლდება მცენარეული საფარი და შეიცვლება ღობე, ჩანაცვლდება დაზიანებული სკამები და ურნები, ხოლო ბაღის ჭიშკრებთან მოეწყობა ზებრა გადასასვლელები", - გვითხრეს მერიაში.
„ლიბერალმა" მერიას მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის მაკეტის მიწოდება სთხოვა, მაგრამ მერიაში გვითხრეს, რომ მსგავსი დოკუმენტი არ აქვთ, ვინაიდან პროექტირებაზე ტენდერი არ გამოცხადებულა. თუმცა, მათივე თქმით, დიზაინის კონცეფციის დამუშავებაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები.
„სამუშაოების მცირე მასშტაბიდან და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ბაღის რეაბილიტაციის საპროექტო და სამშენებლო ნაწილზე ტენდერები არ გამართულა. დიზაინის კონცეფციის დამუშავებაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები, სამშენებლო სამუშაოები კი თბილისის მერიის მიმდინარე მოცულობითი ინფრასტრუქტურული ტენდერის ფარგლებში ხორციელდება", - ამბობენ მერიაში.