„შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლში ტყვიის შემცველობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა." - ასე შეაფასა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, თაკო უგულავამ ჟურნალისტებთან ტყვიის შემცველობაზე ეროვნული კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელებმა საზოგადოებას გააცნეს.
კვლევის შედეგებით, საქართველოს მასშტაბით ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვია დასაშვებ ნორმას აღემატება.
კერძოდ, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.
„ტყვიის უსაფრთხო დონე სისხლში არ არსებობს, მინიმალურად პირობითად დაყენებულია ზღვარი 5 მკგ-ზე. ჩვენს ქვეყანაში მომატებული რაოდენობა 41%-ს აქვს.
41%-იანი ზღვარი ძირითადად პრობლემას ქმნის ბავშვების განვითარების კუთხით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც დღეს გამოავლინა კვლევამ. ეს მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლში ტყვიის შემცველობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა. იმიტომ, რომ ბავშვების დიდ რაოდენობას ექმნება განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ყველამ მოისმინეთ, რომ ქვეყნა მზადაა, საზოგადოებრივ პრობლემის ადრესირება მოახდინოს. ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას. ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ დაძლია ეს პრობლემა. ჩვენ, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავერთვებით ამ პროცესში.
პირველი ქმედება, რაც უნდა იყოს არის ის, რომ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რატომ? რა თქმა უნდა, არსებობს მეცნიერულად დადასტურებული წყაროები, მაგრამ ეს არის დიდი ჯგუფი და უნდა გავარკვიოთ, ჩვენს ქვეყანაში რა წყაროები თამაშობს წამყვან როლს, ანუ რა იწვევს ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდას. წყაროების დადგენის შემდგომ გაიშლება სხვა ტიპის მოქმედებები.“ - განაცხადა თაკო უგულავამ.
მისივე თქმით, შემდეგ ეტაპზე დამატებითი კვლევები ჩატარდება იმ ოჯახებში, რომელთა წევრ ბავშვებსაც სისხლში ტყვია აღმოაჩნდათ.
„1578 ბავშვი, რომელთა სისხლშიც შემცველობა იყო შესწავლილი, ამ ოჯახებში შევა. ამ ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრებთან სისხლში ტყვიის განსაზღვრისთვის დამატებითი კვლევები ჩატარდება.“
თაკო უგულავას თქმით, საგულისხმოა, რომ ტყვია ფეხს იკიდებს იქ, სადაც ბავშვის ნუტრიციული სტატუსი არ არის სახარბიელო.