
„რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირების შესახებ.
„სამწუხაროა, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ჩემი მინისტრობის დროს ბევრი პროექტი განვახორციელეთ. პანკისის ხეობაში იყო გაზიფიცირების სამუშაოები, ელექტროფიცირება, ასევე, მრიცხველების დამონტაჟება. იყო სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
როცა ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ყოველთვის ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა, სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. განწყობა და დამოკიდებულება. რაც ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ წყლის დიდი რესურსი გვაქვს და აუცილებელია მისი გამოყენება.
„მეტი კომუნიკაცია და მუშაობა სჭირდება ამ საკითხს. ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ვხედავთ, მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა ჰესების წინააღმდეგ, ეს კატეგორიულად მიუღებელია.
დღეს გვაქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, როცა გვაქვს წყლის დიდი რესურსი, საჭიროა, ამის რაციონალური გამოყენება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, აზერბაიჯანზე, როცა ჩვენი რესურსი გვაქვს. გვაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ გავიტანოთ აქ წარმოებული ელექტროენერგია თურქეთში და თურქეთის გავლით სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში ბევრი პროექტი განხორციელდა და გული სწყდება, რომ ახალი პროექტები ფერხდება.
„ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი, ჰიდროელექტროსადგური, ქარის ელექტროსადგური თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი - ევროპული სტანდარტით არასდროს გაკეთებულა საქართველოში. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით გარკვეული პროექტები შეფერხებულია.
ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყანაზე. ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი“, - განაცხადა თბილისის მერმა.