
საქალაქო სასამართლოში ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრაზე პროცესი გაიმართა.
მოსამართლე რომან ხორავამ პროკურატურის და დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შეფარდებაზე დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ბრალდებულს გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. თანხის შეტანის ვადად 30 დღე განისაზღვრა. თანხის შეტანამდე ლევან ჯიბღაშვილი პატიმრობაში დარჩება.
პროკურატურამ აღკვეთის სახით 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა.
დაცვის მხარემ პროცესზე გაიზიარა პროკურატურის წინადადება და გირაოს მოთხოვნას დაეთანხმა.
„წარსულში არ ყოფილა სანამართლევი, თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენც ვეთანხმებით და თანახმა ვართ რომ გირაო იყოს შეფარდებული. სასამართლომ თავად განსაზღვროს თანხა", - განაცხადა ადვოკატმა.
პროცესზე სიტყვით გამოვიდა ბრალდებულიც.
„ძალიან დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, წარმოუდგელად რთული ორი დღე გავიარე. დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ოჯახს და საზოგადოებას. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, რომელმაც თუნდაც ერთი წუთი დაუთმო ამ თემას. მადლობა ობიექტურობისთვის თოთოეულ თქვენგანს", - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.
-------------
მთავარი პროკურატურის ცნობით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 5-დან 8 წლამდე.
როგორც „ლიბერალთან" საუბრისას ჯიბღაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოძრაობდა თავისი ავტომობილით ორთაჭალაში, რა დროსაც შეაჩერა საპატრულო პოლიციამ და შემოწმების შედეგად მისი ავტომობილიდან ამოიღეს ხელჩანთა, რომელშიც იყო „გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება".