მთავრობამ ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ განკარგულება გამოსცა.
განკარგულების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2-დან 7 წლამდე ბავშვებში მრავალინდიკატორული პოპულაციური კვლევის შედეგებზე რეაგირებისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე უნდა წარადგინოს შესაბამისი ცვლილებები მიზნობრივ ჯგუფებში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს 2-დან 7 წლამდე ბავშვებში კვლევის შედეგების მიხედვით 10მკგ/დლ-ზე მეტი ტყვიის დონის მქონე ბავშვების საცხოვრებელი გარემოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყვიის წყაროს იდენტიფიცირების მიზნით (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) სინჯების აღება და ტესტირება, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ასევე ამ ბავშვების საცხოვრებელ გარემოში სურსათისმიერი ტყვიის რისკების შეფასება საკვებ პროდუქტებში ( მაგ. სუნელები, საღებავის შემცველი ტკბილეული, რძე და სხვა)
საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაინერგოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.