მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია და მისი თანამოაზრეები გამოდიან ინიციატივით, ბავშვთა შორის შიმშილის აღმოფხვრის მიზნით, შეიქმნას „ბავშვთა საგანგებო ფონდი“.
1. მოვითხოვთ, რადიკალურად, აბსოლუტურ შესაძლო მინიმუმამდე შემცირდეს სახელმწიფოს ავტოპარკი;
2. ასევე, მზაობას ვაცხადებ, პარლამენტარის ხელფასის ნახევარი გადავრიცხო ამ ფონდში;
3. ვიწვევთ სხვადასხვა მხარეს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამაში.
როგორც გრიგოლ გეგელიამ „ლიბერალს" განუცხადა, საქართველო ეროვნული კრიზისის წინაშეა. UNICEF-ს ინფორმაციის თანახმად, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს; 6,8 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს; 27,6 კი — ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ; ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება არაადეკვატური კვების გამო.
„სიღარიბის შედეგები:
სიღარიბეს შორსმიმავალი ეფექტები აქვს.
სიღარიბე იწვევს არაადეკვატურ განვითარებას, დაბალ თვითშეფასებას, დაბალ გონებრივ პროდუქტიულობას, დაბალ ეკონომიკურ პროდუქტიულობას;
სახელმწიფოს ვალია სწორი მიმართულებით ინვესტირება, რათა განვითარდეს ჯანმრთელი და განათლებული თაობა, რომელიც ძლიერ მუშახელი უნდა იყოს.
გამოვდივართ ინიციატივით, რომ:
გადაუდებლად შეიქმნას ბავშვთა საგანგებო სარეზერვო ფონდი;
გაუქმდეს სახელმწიფოს ჭარბი ხარჯი და მოხმარდეს ბავშვთა სრულფასოვანი კვებისა და განვითარების უზრუნველყოფას;
უპირველეს ყოვლისა, რადიკალურად შეიკვეცოს სახელმწიფო ავტოპარკის დიდი ნაწილი.
დღეს, ამ მხრივ, სრული ქაოსია. აუდიტის დასკვნის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება განპიროვნებული (ე. წ. კერძო) ავტომობილებით შეუსაბამოდ სარგებლობის ფაქტები. ხშირ შემთხვევაში, ადეკვატურად არ არის გაწერილი, თუ რამდენი განპიროვნებული და რამდენი ზოგადი მანქანა ეკუთვნის რომელ უწყებასა და პირს.
დღეს რიგითი მშრომელი ქართველი თავისი ხარჯით ფარავს ტრანსპორტის ხარჯს. პარადქსულია, რომ საარსებო მინიმუმის დათვლისას, ქართული სახელმწიფო არ ითვალისწინებს ტრანსპორტის ხარჯს. იმავე დროს, რიგითი ქართველი გადასახადის გადმხდელი საჯარო მოხელეების ტრანსპორტის თანხას ანაზღაურებს.
→ 2016 წლის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 4 592 ავტომობილია;
→ ეს კიდევ არასრული სიაა, სადაც არ შედის თავდაცვის სამინისტროს და თბილისის გარეთ არსებული მუნციპალური ერთეულების დაქვემდებარებაში მყოფი ავტომობილები;
→ მაგრამ ამ არასრულმა შემადგენლობამაც კი 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საწვავი დაწვა.
შესაბამისად, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ რადიკალურად გადაიხედოს სახელმწიფო ავტოპარკის საკითხი. მკაფიოდ უნდა დარეგულირდეს, თუ ვის ეკუთვნის სახელმწიფო ავტომობილი და საწვავი. მნიშვნელოვნად მივიჩნევ, მსგავს ადამიანთა რაოდენობა დავიდეს აბსოლუტურ მინიმუმამდე, გათავისუფლებული თანხა კი მოხმარდეს საქართველოს ბავშვთა განვითარების საგანგებო ფონდს.
აქვე მინდა, გამოვხატო მზადყოფნა, რომ ჩემი პარლამენტარობის შემთხვევაში, ხელფასის ნახევარს გადავრიცხავ ამავე ფონდში. ყველა მოქმედ და მომავალ ქართველ პარლამენტარს მოვუწოდებ იმავესკენ.
ჩემი გუნდი და მე მზადყოფნას გამოვხატავთ, ვითანამშრომლოთ ქართულ პოლიტიკურ კლასთან, არასამთავრობო სექტორსა და რელიგიურ ინსტიტუტებთან საგანგებო ფონდის შექმნის თაობაზე.
დღეს ჩვენ ვირჩევთ, თუ რა მომავალი გვექნება. ეს უმნიშვნელოვანესი მორალური და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დღეს ჩვენი მომავლის ავტორთაგან ყოველი მეხუთე შიმშილობს და დეპრესიულ მდგომარეობაში ვითარდება", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.