საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით-გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრის ნახვის მსურველები, ქედს მიღმა არ გაატარეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან პარტნიორულ გარემოში მიდის კომუნიკაცია, თუმცა საკითხის გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება.
„როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა მივმართეთ და აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და საკითხის დარეგულირებაზე ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება.
მინდა, გითხრათ, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებების, ან განცხადებებისგან, რადგან ეს პროცესს არ წაადგება და ხელს შეუშლის.
იცით, რომ ჩვენ პერმანენტულად მოვითხოვთ მოცემულ მონაკვეთსა და საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე საკითხს გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის (ონიანი) ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.
იგივე ინფორმაცია გაავრცელა გუშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ ზვიად ანანიაშვილმა.