ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის თქმით, 17 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ამ პერიოდში ის გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იქნება.
facebook-პოსტით ნიკოლოზ რაჭველი ნინო ქათამაძის მისამართით არსებულ უკმაყოფილებასაც გამოეხმაურა.
„ისტორია იყო ასეთი: ჩემს მეგობარ ნინო ქათამაძეს შეთავაზეს 17 მაისის გალა-კონცერტში მონაწილეობის მიღება. ნინომ უპასუხა პროფესიონალურად, რომ მას სცენაზე გამოსვლისათვის ესაჭიროება ინსტრუმენტული ანსამბლი და ორკესტრის მუსიკოსები, ასევე მე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებდა გამოსვლას და სიმღერის შესრულებას.
ორგანიზატორები ვიდრე მე მიპოვნიდნენ (ეს ყველამ იცის, რომ საკმაოდ რთულია ხოლმე, ზოგჯერ), ნინოს სახელი აფიშაში დაბეჭდეს და მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გასაჯაროვდა. პარალელურად, ვინაიდან 15 მაისის კონცერტის შემდეგ მივემგზავრები გერმანიაში, სადაც მაქვს ჩაწერა ბერლინის ორკესტრთან ერთად, ნინოც დასთანხმდა შემოთავაზებებს (რაც ყოველთვის უხვად აქვს) და დანიშნა საკონცერტო ცხრილი, რის მიხედვითაც, მაისის შუიდან ივნისამდე პრაქტიკულად არ მოუწევს თბილისში ყოფნა.
ამ დროს გაკეთდა განცხადება, რომლის სათაურად გატანილმა წინადადებამ „ნინო ქათამაძემ უარი თქვა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე" გამოიწვია სოციალურ ქსელით მოსარგებლე ადამიანთა შეუმდგარ, გაბოროტებულ, მართლაც ცოდვილ და გაუნათლებელ ნაწილში ნინოსადმი აგრესიის გამოხატვის დიდი ტალღა. გულდასმით წავიკითხე გამეტების, დაცინვის, სიძულვილის ენაზე ამეტყველებული მართლმადიდებლობისა და სიწმინდეების „დამცველთა" ნააზრევი და ერთ რამეს მივხვდი: ყოველი სიტყვა მართლაც რომ მძიმე ცოდვად მოეკითხებათ მათ ავტორებს, ნინო ქათამაძე კი უკვე ჩვენი ქვეყნის მუსიკის ოქროს ისტორიაა და მისი სიმღერით ჩვენ უბრალო მსმენელებს და ადამიანებს ღმერთი ყოველთვის გაგვაგებინებს თავის ხმას!
P.S. რაც შეეხება თავად 17 მაისის კონცერტისა და ოჯახის სიწმინდის დღესასწაულის ანტიჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დამთხვევის იდეას - არ მინდა, გამოვხატო ჩემი მოსაზრება, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ერთი დიდი ტრაგედია სჭირს: ადამიანებს არ შეგვიძლია საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და პატივისცემა! ეს მართლა ტრაგედიაა და ვიდრე ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოება პროგრესს არ განიცდის, მანამდე არაფერი გვეშველება. და არც მე ვარ მორალურად მზად ინტერნეტ-ბულინგისთვის, სწორად გამიგებთ, იმედი მაქვს...", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.