პარლამენტმა თბილისის მერიის ინიციატივით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველივე მოსმენაზე ჩააგდო. დეპუტატებმა მიზეზად ხმაური დაასახელეს.
საქმე ეხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტს უმრავლესობის წევრებმა წარუდგინეს. ცვლილებები თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის ჩაგდების მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური გახდა და დეპუტატების უმრავლესობამ არ იცოდა, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი დეპუტატებს მიმართა, რომ საკითხს ყურადღებით მოეკიდონ.
„კანონპროექტი ჩავარდა და ახლა კახა კუჭავა უნდა ვაწვალოთ - მან თავიდან უნდა დააინიციროს, პირველი მოსმენით თავიდან გაიტანოს, როცა კანონპროექტი შეჯერებული და შეთანხმებული იყო. ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე და საკითხს ყურადღებით მოვეკიდოთ“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს.