ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს ახალგორში მცხოვრები აქტივისტისა და ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დევნის პრაქტიკას და საქართველოს სახელმწიფოს ამ საქმეზე ქმედითი პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„თამარ მეარაყიშვილი ცხოვრობს ახალგორში და როგორც ჟურნალისტი და აქტივისტი ხშირად გამოირჩევა კრიტიკული განცხადებებითა და პოზიციებით არაღიარებული de facto ხელისუფლების მიმართ. ის ასევე კრიტიკულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და საჯაროდ ეხმიანება ამ საკითხებს. თამარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი წყაროა და ზოგადად, ოკუპირებულ რეგიონებში მედიის წვდომის შეზღუდვის პირობებში, მას განსაკუთრებული ღირებულება აქვს. ამასთანავე, რეგიონში დამოუკიდებელი ქართველი აქტივისტის მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დამაგრებისა და ქართველ და ოს ხალხებს შორის ურთიერთობის და სოციალური დიალოგის მხარდაჭერისთვის.
სწორედ კრიტიკული საჯარო პოზიციონირების გამო, 2017 წლიდან სამხრეთ ოსეთის de facto ხელისუფლებამ დაიწყო თამარ მეარაყიშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის და ეკონომიკური იზოლაციის პრაქტიკა. ადგილობრივი de facto რეჟიმის განსაკუთრებული გაღიზიანება მოჰყვა თამარის სტატიას „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვებული პარტიის შესაძლო კორუფციული ინტერესების შესახებ. სწორედ ამ და სხვა კრიტიკული სტატუსების გამოქვეყნების შემდგომ თამარი სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმის უშიშროების სამსახურებმა 2017 წლის 8 ივნისს გაიტაცეს და 15 საათის განმავლობაში კითხავდნენ, დაშინებით ცდილობდნენ მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას, რომ ის თითქოს, საქართველოს სამართალდამცავ და უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდა. თამარმა ეს უკანონო და თვითნებური მოთხოვნა არ აღიარა. 2017 წლის აგვისტოდან კი დაიწყო მისი სისხლის სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ცილისწამების, დოკუმენტების ფალსიფიკაციის და ოფიციალური დოკუმენტების უკანონოდ მიღების ბრალდებით. ეს სისხლისსამართლებრივი პროცედურები ამ დრომდე მიმდინარეობს და წელიწად-ნახევარზე მეტია თამარს ჩამორთმეული აქვს ოფიციალური დოკუმენტები, რაც მას უზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და სრულ სოციალურ და ეკონომიკურ იზოლაციაში აგდებს.
თამარ მეარაყიშვილის მიმართ საქმე გვაქვს უფლებების დარღვევის განგრძობად პრაქტიკასთან. მის მიმართ ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უფლებების დარღვევა არსებითად ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კონტექსტს ატარებს. თამარ მეარაყიშვილის თქმით, მისი დევნა და უფლებების განგრძობადი დარღვევა საბოლოოდ, მიზნად ისახავს ახალგორიდან მის განდევნას და კრიტიკული აზრის ჩახშობას“,- ნათქვამია განცხადებაში.
EMC მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მას აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით დაიცვას თამარ მეარაყიშვილის უფლებები. ამის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს:
- დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს თამარ მეარაყიშვილის გატაცების საქმე, იდენტიფიცირებული პირების მხრიდან გამოვლენილ ქმედებებს მისცეს რელევანტური სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია და შესაბამის პირებს დააკისროს პასუხისმგებლობა.
- უზრუნველყოს თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლებრივიმექანიზმების გამოყენებით. ამ კუთხით EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მეარაყიშვილის საქმე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ მესამე სახელმწიფოთა შორის განაცხადის ნაწილად აქციოს.
- ყველა საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისას აქტიურად დააყენოს თამარის, როგორც ეთნიკურად ქართველი აქტივისტის უფლებების დაცვის საკითხი და მისი უფლებებისა და ინტერესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვას ყველა საერთაშორისო ფორმატში.