მთაწმინიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, კინოთეატრ „რუსთაველის“ ფასადის დემონტაჟი დაიწყო და ამის გასაპროტესტებლად 4 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა.
კინოთეატრის პრესსამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ლიბერალს“ განუცხადეს, მიმდინარეობს სარესტრავრაციო სამუშაოები, ამიტომ რამდენიმე ფილა ფასადიდან მოიხსნა.
„რეალობა სხვაგვარია, სინამდვილეში, რესტავრატორების ჯგუფმა არა გუშინ, ან დღეს, ჩამოხსნა რამდენიმე ფილა ფასადზე, არამედ დაახლოებით 2 თვის წინ, რადგან მიმდინარეობს შენობის ისტორიული კვლევა. ამიტომ ინფორმაცია დემონტაჟის დაწყების შესახებ სიცრუა და ყველას ვთხოვთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისაგან და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. კვლევის გარდა შენობას არც გარედან და არც შიგნიდან არავინ შეხებია. ჩვენი კომპანია მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კინოთეატრ რუსთაველის ისტორიული სახის აღდგენა. პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია და აუცილებლად გავაცნობთ დეტალებს ფართო საზოგადოებას“, - განუცხადეს „ლიბერალს“ კინოთეატრის პრესსამსახურში.