„პატრიოტთა ალიანსმა“ სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. როგორც პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, მათი შეკრების მიზანი და მოთხოვნები რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ასევე, მათი თქმით, 27 მაისიდან ყოველდღე საინფორმაციო მიტინგს გამართავენ.
„ჩვენ დღეს ვიწყებთ ბრძოლას. ყოველდღე, საღამოს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, ეს აკრებს ძალას და 15 ივნისს, 16:00 საათზე თავისუფლების მოედანს შევავსებთ. ამის შემდეგაც ყოველდღე გაგრძელდება აქციები, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლება გონს არ მოეგება და დათმობებზე არ წამოვა", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას.
მათი მოთხოვნებია:
„1. ხელისუფლებამ უნდა შექმნას სპეციალური სააგენტო ან ფონდი, რომელიც ყოველ წლიურად მინიმუმ 10 000 ოჯახს დაეხმარება საოჯახო ბიზნესის აწყობაში და ეს 500 მილიონი ლარის ეკონომიის ხარჯზე მოხდება, რომელიც დღეს ნატოს პროექტებსა და თავდაცვაშია ჩადებული, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტიდან 2,2 პროცენტი ნატოს სამხედრო პროექტებზე არ უნდა გამოვყოთ, მხოლოდ 1,2 პროცენტი უნდა დავტოვოთ თავდაცვაზე, ხოლო დანარჩენი 1 პროცენტი, ანუ 500 მილიონი საოჯახო ბიზნესზე უნდა წარვმართოთ.
2. ხელისუფლებამ, ხალხთან შეთანხმებით, უნდა დაიწყოს ფიქრი, მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება, რომ ავსტრიის, შვეიცარიის, ფინეთისა და შვედეთის მსგავსად ჩვენც სამხედრო მიუმხრობლობა გამოვაცხადოთ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროინტეგრაცია გვინდა, ევროკვშირთან მჭიდრო ურთიერთობა გვინდა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროშიც, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე სასარგებლო, ყველაზე მისაღები და სასიცოცხლო სამხედრო მიუმხრობლობის გამოცხადებაა, ანუ ჩვენ არცერთ სამხედრო ბლოკში - არც ნატოში, არც რომელიმე სხვა ბლოკში არ ვმონაწილეობთ, ჩვენს ტერიტორიაზე, არც საზღვაო, არც საჰაერო და არც სახმელეთო სივრცეში, ამ სამხედრო ბლოკების წვრთნები არ იმართება და მათი სამხედრო ბაზები არ მოქმედებს. ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო მისიებში ვმონაწილეობთ და იმ მისიებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარეთ ფუნქციონირებს, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო მისიაში.
3. იმისათვის, რომ ეს მიზნები განვახორციელოთ, ხელისუფლებამ წინა რეჟიმის იდეოლოგიას თავი უნდა დააღწიოს, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს და საბოლოოდ დაასრულოს პოლიტიკური გარიგებები, პოლიტიკური თამაშები „ნაციონალური მოძრაობის" ორივე ჯგუფთან. ქვეყანაში ტყუილი, გარიგებები და ეს თამაშები უნდა დასრულდეს!
სწორედ ეს გეგმები, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი მიზნები გვინდა გაგიზიაროთ 4 მაისს, შაბათს, დღის 4 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში. ამასთან, ჩვენ ივნისის თვეში ვგეგმავთ მასშტაბურ შეკრებას უკვე თავისუფლების მოედანზე, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ: ყველა, ვინც ჩვენი მხარდამჭერია და იზიარებს ჩვენს სულისკვეთებას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს, დაგვიკავშირდით ტელეფონის შემდეგ ნომრებზე და დააფიქსირეთ თქვენი მზაობა, რომ მიიღებთ მონაწილეობას 4 მაისის შეკრებაში და უკვე მოგვიანებით შემოგვიერთდებით ივნისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე", - აცხადებენ „პატრიოტთა ალიანსის" წევრები.