ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მისთვის გასაკვირი იყო, როდესაც მას მმართველი გუნდიდან არ იცავდნენ, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის პირველ ეტაპზე საქართველოში არყოფნის გამო აკრიტიკებდნენ. ამის შესახებ ყოფილმა მინისტრმა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ განაცხადა. .
„ჩემი მოლაპარაკება, როგორც პრემიერთან, ასევე პარტიის ლიდერთან იყო მკაფიოდ ის, რომ ამ პოზიციას ვთანხმდებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე საშუალება მექნებოდა, რომ საქმეები გადამებარებინა და როგორც ადრე ვილაპარაკე, ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. ჩვენი მოლაპარაკება იყო იმაზე, რომ მე დავიწყებდი სრულფასოვნად ამ სამუშაოს მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში. ეს იყო მკაფიოდ თქმული და მოლაპარაკებული.
ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ივლისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვედი, ვიმუშავე, მაგრამ სრულფასოვნად შევუდექი მხოლოდ სექტემბრიდან. ასევე, როცა საქართველოში არ ვიყავი, ხმები მომდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი საქართველოში არყოფნის გამო ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი. მართალი რომ გითხრათ, ძალიან გამაკვირვა, არავინ რომ არ დამიცვა, იგივე ჩემი გუნდიდან“,- განაცხადა ქობულიამ.
ინტერვიუსას ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ის თავიდანვე გრძნობდა გარკვეულ განსხვავებას მთავრობასა და მის ხედვებს შორის.
„მე თავიდანვე შევიგრძენი, რომ ჩვენ ხედვებში თანხვედრა ბოლომდე არ გვქონდა. თუ თქვენი კითხვა იქნება ის, თუ რა იყო ჩემი წასვლის რეალური მიზეზი, რეალური მიზეზი იყოს ზუსტად ის, იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომელზეც მე მეგონა, რომ ჩვენ შევთანხმდით დასაწყისში, მერე აღმოვაჩინე, რომ ამაში ჩვენ თანხვედრა არ გვქონდა“.
წამყვანის რეპლიკაზე -„წასვლა არა, თქვენ გაგათავისუფლეს“ ქობულიამ უპასუხა: „თქვენ ალბათ უფრო სწორად უკეთებთ ფორმულირებას იმას, რაც მოხდა. წასვლა არის, როცა ადამიანი განცხადებას დაწერს და მე განცხადება არ დამიწერია, ამიტომ ვამბობ, რომ მე გამათავისუფლეს“.