თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგი გააუქმა. სტამბოლში ოპოზიციის კანდიდატმა ეკრემ იმანოღლუმ გაიმარჯვა. ხოლო საარჩევნო კომისიას სარჩელით ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მიმართა. განმეორებითი არჩევნები სტამბოლში 23 ივნისს გაიმართება.
31 მარტს ჩატარებულ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ხელისუფლების კანდიდატზე 13 729 ხმით მეტი დააგროვა. იმამოღლუ მერის მოვალეობის შესრულებას 17 აპრილიდან შეუდგა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევნებში ჩაბმა ხელმეორედ მოუწევს.
სტამბოლის გაარდა თურქეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი - „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ (AKP) დედაქალაქშიც დამარცხდა. ანკარაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ მისი მმართველობისას პირველად წააგო.
ამ არჩევნებს ერდოღანის პოპულარობის „რეფერენდუმი“ უწოდეს. თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში 16 წლის წინ მოვიდა და დროთა განმავლობაში ძალაუფლება კიდევ უფრო გაიმყარა.
თუმცა კონსერვატორი პრეზიდენტის ძალაუფლება და პოპულარობა ეკონომიკურ წარმატებას ეფუძნებოდა. ბოლო ხანებში კი ქვეყნის ეკონომიკამ სტაგნაცია დაიწყო.
როგორც ჩანს, ლირის გაუფასურებამ, გაზრდილმა ინფლაციამ და ფასებმა მუნიციპალურ არჩევნებში ისლამსა და კონსერვატულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ AKP-ს შედეგებზე გავლენა მოახდინა.