„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე „რუსთავი 2-ის" საქმის შესახებ განცხადებას აკეთებს.
„იმ შეტევის პირობებში, რომელშიც „რუსთავი 2“ უკვე წლებია, იმყოფება ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი სარჩელი და ნებისმიერი მოქმედება სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს აღქმული, როგორც ფრონტალური შეტევის გაგრძელება „რუსთავი 2-ზე“. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის შინაარს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის იურიდიულ დეტალებს. ნებისმიერი შეტევა დღეს „რუსთავი 2-ზე“ იმ დროს, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ასეთი შეტევები შეჩერდეს, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება, როგორც გაგრძელება იმ შეტევის, რომელშიც წლების ქვეშ იმყოფებოდა „რუსთავი 2“. ამიტომ ამ სარჩელს უნდა მოჰყვეს რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ეს არის გაგრძელება ბრძოლის „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ. ეს არ უკავშირდება მხოლოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2-მა“ აჩვენა თავისი ძალა და გავლენა საზოგადოებაზე. განვლილი წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ეს არ უკავშირდება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს. ეს არ უკავშირდება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას. ბევრად უფრო დიდი ღირებულება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს ღირებულება არის: იქნება თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც იარსებებს განსხვავებული და კრიტიკული აზრი", - აცხადებს დავით ბაქრაძე და განაგრძობს - „ამ სარჩელით და „რუსთავი 2-ზე“ შეტევით ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ ივანიშვილს უნდა, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც არ იარსებებს განსხვავებული და კრიტიკული აზრი. შეიძლება მწარეც, შეიძლება ხანდახან სუბიექტურიც, მაგრამ კრიტიკული და განსხვავებული აზრი ქვეყანაში არის აბსოლუტურად აუცილებელი და „რუსთავი 2-ის“ ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში, თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრის არსებობა. ამიტომ ნებისმიერი ადამიანისთვის ეს შემთხვევა უნდა იყოს განმსაზღვრელი, თუ სად დგას. დგას არა „რუსთავი 2-ის“ მხარეს, არა ნიკა გვარამიას, არა ბაღაშვილის, არამედ დგას თუ არა ამ ქვეყანაში თავისუფალი მომავლის პერსპექტივის მხარეს. „რუსთავი 2-ის“ საქმე სცილდება მხოლოდ „რუსთავი 2-ის“ ფარგლებს და არის ღირებულებითი ტესტი, საით მიდის ჩვენი ქვეყანა და როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ“.
„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გვარამიას თქმით, ხელისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისა და მისი „რუსთვი 2-დან“ ჩამოშორების მიზნით ახალ სამართლებრივ შეტევას იწყებს.