მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა, მანამდე კი ჟურნალისტებთან სუს-ის განცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„წელიწადია აქ ვდგავარ და სამართლიანად ვითხოვ დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები. მთელი ქვეყანა მიყურებს და აქ ვდგავარ. ვითხოვ დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები, რომელი დანაშაულიც სახელმწიფოს აქვს ჩადენილი.
ისინი კი ყველაფერს აკეთებენ, დიდი ხანია ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ. ეს არ მოხდება!“ - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვის დატოვების შემდეგ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ახლა სად აპირებდა წასვლას, მაჩალიკაშვილმა უპასუხა, რომ სალოცავად მიდიოდა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ „გამოავლინეს მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე".
სუს-ის მტკიცებით, მალხაც მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს ტერაქტს გეგმავდა.
სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის გავრცელებული ფარული ჩანაწერის სავარაუდო მონაწილეა.