თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება.
მერიის ცნობით, უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება. N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 1 ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.
რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, მერიის ცნობით, ისინი გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. MAN-ის ავტობუსების მსგავსად, ISUZU-ს მარკის ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.
დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა.