სახალხო დამცველის მანდატი დისკრიმინაციის საქმეებზე გაძლიერდა და ის კერძო სექტორში დისკრიმინაციის საქმეებსაც შეისწავლის. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.
სახალხო დამცველი მიესალმება 3 მაისს მიღებული კანონით დისკრიმინაციის საქმეებზე მისი მანდატის გაძლიერებას და ახალ ცვლილებებს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ახალი ცვლილებით კერძო პირები ვალდებულები იქნებიან სახალხო დამცველს ინფორმაცია მიაწოდონ, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და დაეკისრება ჯარიმა.
„მანამდე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო სახალხო დამცველს კერძო სექტორში დისკრიმინაციის საქმეების შესწავლისათვის აუცილებელი ბერკეტებით ვერ უზრუნველყოფდა.
კერძო პირებს არ ევალებოდათ სახალხო დამცველისათვის საქმის გამოსაკვლევად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, მისი რეკომენდაციის განხილვა და შედეგების შეტყობინება.
2014 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში სახალხო დამცველმა კერძო პირების მიმართ სულ 24 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 16 რეკომენდაციაზე პასუხი საერთოდ არ მიუღია. ახალი ცვლილებებით, კერძო პირებს ექნებათ სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში კი, მისი განხილვისა და შედეგების სახალხო დამცველისათვის შეტყობინების ვალდებულება.
აღნიშნული მოვალეობების შეუსრულებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად იქნება მიჩნეული და სანქციის სახით ჯარიმას გაითვალისწინებს. ამავდროულად, სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს სარჩელით კერძო პირების წინააღმდეგაც, თუ ისინი რეკომენდაციას არ გაიზიარებენ. მსგავსი შესაძლებლობა მანამდე მოქმედი კანონით მხოლოდ საჯარო სექტორის მიმართ არსებობდა“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი ასევე მიესალმება სექსუალური შევიწროების საქმეებზე აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას.
„იმედია, ახალი კანონი და მისი აღსრულება საჯარო სივრცეებს უსაფრთხოს გახდის ქალების, გოგონებისა და ყველა სხვა პირისათვის (მაგალითად, მეტროში ქალების 45%-ს განუცდია სექსუალური შევიწროება – ქალთა საინფორმაციო ცენტრის 2014 წლის კვლევა).
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ქალების წვლილს ზემოაღნიშნული კანონის მიღებაში, რომლებმაც ხმა აიმაღლეს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, გამოიყენეს მათ ხელთ არსებული მწირი სამართლებრივი საშუალებები და შექმნეს სექსუალური შევიწროების პირველი სამართლებრივი საქმეები“,-წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.